ლეიკემია და ვიტამინი B6?

მკვლევარებმა აღმოაჩინეს ლეიკემიის მკურნალობის ახალი მეთოდი. მათი გამოკვლევით დადგინდა, რომ სიმსივნური უჯრედები იყენებენ ვიტამინ B6- ს. მიმდინარეობს ახალი წამლის შემუშავება, რომელიც შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ამ ეტაპზე არსებული მკურნალობის მეთოდები.

ლეიკემია (ლეიკოზი, ჰემობლატოზი) – ეს არის ონკოლოგიური დაავადება, რომლის დროს ძვლის ტვინის უჯრედების მუტირება ხდება, არ ვითარდება ნორმალური მომწიფებული ლეიკოციტები და ისინი გარდაიქმნებიან კიბოს უჯრედებად. სხვა ტიპის კიბოს დაავადებებისგან ლეიკემია გამოირჩევა იმით, რომ მის დროს არ ვითარდება სიმსივნე რაიმე ერთ კონკრეტულ ადგილას – კიბოს უჯრედები არის სისხლში და ძვლის ტვინში, ზოგჯერ ლიმფურ კვანძებშიც, ლორწოვან გარსში და ორგანიზმის სხვა ადგილებში. ლეიკემია – ეს არის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა ბავშვებში. აშშ-ში ლეიკემია მეათე ადგილს იკავებს ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს შორის და წარმოადგენს ქვეყანაში ყველა ახალი კიბოს შემთხვევების 3.5% -ს. კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, დაავადება ასევე არის აშშ – ში კიბოს სიკვდილიანობით მეხუთე ადგილზე. არსებული მონაცემებით 2019 წელს ლეიკემიის შედეგად დაიღუპა 22.840 ადამიანი. მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) არის დაავადების მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმა. AML სწრაფად ვრცელდება, რის გამოც მაღალია სიკვდილიანობა. AML- ის სიმსივნური უჯრედები უფრო სწრაფად იყოფა, ვიდრე მკურნალობის შედეგად ხდება მათი განადგურება. მკურნალობის ახალი მეთოდის პოვნა მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის სესამცირებლად და მკურნალობის პროგნოზის გაუმჯობესებისთვის. როგორც ქოლდ სფრინგ ჰარბორის ლაბორატორიის (Cold Spring Harbor Laboratory (CSHL)) წარმომადგენელი ლინგბო ჟანგ (Lingbo Zhang) განმარტავს, ლეიკემიური უჯრედის ერთი ძირითადი თვისებაა ის, რომ მისი მეტაბოლური პროცესები რეპროგრამირებულია, რათა ხელი შეუწყონ უჯრედების არანორმალურ ზრდას.

ჟანგმა და მისი გუნდის წევრებმა Memorial Sloan Kettering Cancer Center (MSK)-ის თანამშრომლებთან ერთად ახლახან აღმოაჩინეს, თუ როგორ ხდება AML უჯრედების დაყოფა ასე სწრაფად. გასაკვირია, რომ ის დაკავშირებულია კონკრეტულ ვიტამინთან. ზოგადად, ვიტამინი B6 აუცილებელია სხეულის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. მისი მიღება ხდება კვების რაციონიდან და ხელს უწყობს უჯრედების ზრდას და მეტაბოლიზმს, ასევე ახდენს ნეიროტრანსმიტერებისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. ჟანგმა გამოყო და შეისწავლა AML- ის სიმსივნური სისხლის თეთრი უჯრედებიდან 230-ზე მეტი ცალკეული გენი, რომლებიც “ძალიან აქტიურები იყვნენ ლეიკემიურ უჯრედებში”. მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა თითოეული მათგანი CRISPR ტექნოლოგიის საშუალებით და დათრგუნეს მათი აქტივობა. ეს კვლევა გამოქვეყნებულია Cancer Cell ჟურნალში.
მეცნიერებმა მიზნად დაისახეს გენის პოვნა, რომელიც შეაჩერებს კიბოს უჯრედების გავრცელებას და მათ ეს შეძლეს: ესაა გენი, რომელიც წარმოქმნის მეტაბოლურ ფერმენტს პირიდოქსილკინას (PDXK). PDXK აკონტროლებს ვიტამინ B6-ის გამოყენებას. ის გამოიმუშავებს ცილებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოქმნის ვიტამინის აქტიურ ფორმას. როდესაც უჯრედები ჯანმრთელია, მათ აღარ სჭირდებათ ვიტამინი B6. ფერმენტი კი ააქტიურებს მას, როდესაც საჭიროა უჯრედების დაყოფა და ზუსტად ეს ფერმენტი უწყობს ხელს დაავადებული უჯრედების სწრაფ დაყოფას (გამრავლებას), ეს კი თავის მხრივ იწვევს დაავადების შემდგომი ზრდასა და გავრცელებას.

”ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს ფერმენტი აუცილებელია ლეიკემიური უჯრედების ზრდისთვის,” – ამბობს ჟანგი და განმარტავს: ”ლეიკემიური უჯრედები დამოკიდებულია B6 ვიტამინზე. შეგიძლიათ ამას კიბოს სუსტი წერტილი უწოდოთ. ”

ამავე მოსაზრებას ეთანხმება კვლევის თანაავტორი MSK– ის კიბოს ბიოლოგიისა და გენეტიკის პროგრამის ხელმძღვანელი სკოტ ლოუ.

რაც მთავარია, ამ ფერმენტის და ვიტამინის კომბინაცია შეიძლება იყოს თერაპიის ახალი, უფრო ეფექტური ფორმის შექმნის წინაპირობა. თუმცა ეს არ გულისხმობს უბრალოდ ვიტამინი B6 შემცირებას, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს სასიცოცხლო ფუნქციებზე მთელ ორგანიზმში, მათ შორის ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ამის ნაცვლად მეცნიერების ჯგუფი მუშაობს ქიმიური პრეპარატის შექმნაზე, რომელიც იმოქმედებს უშუალოდ PDXK ფერმენტზე, რის შემდეგაც ლეიკემიური უჯრედები ვერ შეძლებენ ვიტამინ B6- ის გამოყენებას. შესაძლოა მკურნალობის ახალმა მეთოდმა არამარტო შეანელოს ან შეაჩეროს ლეიკემიის გავრცელება, არამედ ასევე თავიდან აიცილოს ჯანმრთელი უჯრედების დაზიანება, რომლებიც ბუნებრივად საჭიროებენ ვიტამინ B6- ს ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

სტატიისთვის გამოყენებულია შემდეგი ლიტერატურა:

  1. https://www.mskcc.org/blog/researchers-find-vitamin-b6-contributes-survival-acute-myeloid-leukemia-cells
  2. https://seer.cancer.gov/statfacts/html/leuks.html
  3. https://seer.cancer.gov/statfacts/html/leuks.html
  4. https://www.cancer.net/cancer-types/leukemia-acute-myeloid-aml/statistics
  5. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6071262/
  6. https://www.cshl.edu/vitamin-b6-leukemias-deadly-addiction/
  7. https://www.cell.com/cancer-cell/fulltext/S1535-6108(19)30572-0
  8. https://tsamali.ge/blogi/leikemia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *