რა შეუძლია ადრენალინს?

რა შეუძლია ადრენალინს?

ადრენალინი ადამიანის ჰორმონია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავდება. ის სწრაფად იტყორცნება სისხლში და იმპულსებს აგზავნის ორგანიზმს, სტრესულ სიტუაციაში იბრძოლოს თუ გაიქცეს. ადრენალინი განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას, აძლიერებს გულის კუმშვადობას, აფართოებს ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებს, ადუნებს ბრონქების გლუვ მუსკულატურას; კორტიკოსტეროიდებთან ერთად ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითბოს წარმოქმნას.

ზოგადად, ქრომაფინური უჯრედები, რომლებიც ტვინოვან შრეში არიან, წარმოქმნიან ორ კატექოლამინს – ადრენალინსა და ნორადრენალინს. შიშის და სევდის დროს ხდება ადრენალინის გაძლიერებული გამოყოფა, ხოლო მრისხანებისა და აგრესიულობის დროს – ნორადრენალინის გამოყოფა.

ადრენალინს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. მაგალითად, სტრესულ სიტუაციაში ის ეხმარება ადამიანს გააკეთოს ის, რაც მის გადარჩენისთვისაა საჭირო. ხშირად ზუსტად ამ ჰორმონის გამო ორგანიზმში ტკივილის შეგრძნება სუსტდება, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს იმოქმედოს ტრავმის მიღების შემდეგ.

მედიცინაში ადრენალინის ფარმაკოლოგიური ეკვივალენტი თვალის მკურნალობაში გამოიყენება.

თუმცა, ჭარბი დოზის შემთხვევაში ადრენალინი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მან შესაძლოა მიზეზი გახდეს სექსუალური აშლილობების, დიარეის, ტვინის სიხლძარღვთა პრობლემების, მაღალი არტერიული წნევის, ინფარქტის, სევდის, პანიკური განწყობის, უძილობის, შაკიკების, ჰიპერქოლესტეროლემიის. ეს ხდება მაშინ, როდესაც გამოყოფილი ზედმეტი ენერგია გამოუყენებელი რჩება და იწვევს მოუსვენრობას და გაღიზიანებას.