საქართველოში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა ვლინდება

საქართველოში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა ვლინდება
“ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმასთან გვქონდა საქმე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყანაში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა ვლინდება.

„ჩუტყვავილა, ზოგადად, 98-99%-ში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს და ძალიან ბევრს გადატანილი გვაქვს ბავშვობაში, რომელიც ასევე შემდგომ მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ჩვენ, წელიწადში ქვეყანაში საშუალოდ ჩუტყვავილას 7 000 – 9 000 შემთხვევა გვაქვს, რომელიც ძალიან დიდი, 99%-ით სრული გამოჯანმრთელებით, ყოველგვარი გართულების გარეშე სრულდება. მედიცინაში, მოგეხსენებათ, 100%-იანი არაფერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმებთან გვქონდა საქმე, რომელიც შესაძლებელია, რომ სერიოზული გართულებით დამთავრდეს, მათ შორის, ასეთი სავალალო შედეგით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანამდე თბილისის მერმა განაცხადა, რომ აუცილებელია მშობლებმა ბავშვის ჯანმრთელობასა და აცრასთან დაკავშირებით ცნობა წარმოადგინონ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სისხლმდენი ჩუტყვავილა გახდა.

ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

წყარო: imedinews.ge