ძილის პოზები ორსულობისას

ძილის პოზები ორსულობისას

ჯანსაღ, სრულყოფილ ძილს ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც კვების ადეკვატურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას. ორსული ქალისთვის ძილის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 8-9 საათზე ნაკლები.

თუ ფეხმძიმობის დასაწყისში ქალების უმრავლესობას საწოლში კოტრიალისა და თვლემის სურვილი იპყრობს, ორსულობის მეორე ნახევარში სასურველი პოზის შერჩევა უფრო ძნელი ხდება. მეორე ტრიმესტრიდან შეუძლებელია წოლა მუცელზე.

ტრადიციულად, ექიმები ორსულებს მარცხენა გვერდზე წოლას ურჩევენ, რათა ნაყოფის მასის ზეგავლენით თირკმელზე ან მნიშვნელოვან არტერიებზე ზეწოლა არ მოხდეს. ამ პოზაში ორსულის თირკმელიც ნორმალურად მუშაობს, რაც აუცილებელია კიდურების შესიებისაგან თავდასაცავად. ძილის დროს დაშვებულია ფეხებს შორის ბალიშის ამოდებაც.

ბევრ ორსულს მოსწონს ზურგზე წოლა და ასე ძილი, მაგრამ ასეთმა პოზამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ზურგის არეში და წნევის დაწევა. როგორც 7-9 თვის 29 ჯანმრთელი ორსული ქალის კვლევამ აჩვენა, თუ ორსულობის მეორე ნახევარში ქალი დიდხანს ატარებს ზურგზე მწოლიარე მდგომარებაში, ბავშვის მკვდრად შობადობის რისკი იზრდება.