საშვილოსნოს მიომა

საშვილოსნოს მიომა

საშვილოსნოს მიომა გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ჰორმონოდამოკიდებული სიმსივნეა, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან. ძირითადად, ის 35 წელს ზემოთ ქალებში გვხვდება, თუმცა შესაძლოა, გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს. აშშ-ში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აფროამერიკელ ქალებში მიომის გავრცელება 2-3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე თეთრკანიანებში.

განასხვავებენ ინტერსტიციულ, სუბსეროზულ და სუბმუკოზულ მიომებს. მიომური კვანძებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია განვითარების 3 ეტაპი:
I სტადია – ზრდის აქტიური ჩანასახის წარმოქმნა;
II სტადია – სიმსივნის სწრაფი ზრდა დიფერენცირების ნიშნების გარეშე (მიკროსკოპულად გამოვლენილი კვანძი);
III სტადია – სიმსივნის ექსპანსიური ზრდა დიფერენცირებითა და მომწიფებით (მაკროსკოპულად გამოვლენილი კვანძი).

დაავადება იწყება საშვილოსნოს კედელში მცირე ზომის მიომის კვანძების წარმოქმნით, რომლებიც დაავადების განვითარების შემდგომ პროცესში იზრდება არაპროგნოზირებადი მიმართულებით. კლინიკურად, მისთვის დამახასიათებელია აციკლური სისხლდენა, ტკივილი მუცლის არეში, ანემია, ახლომდებარე ორგანოებზე ზეწოლის ნიშნები. საბედნიეროდ, სიმსივნე კეთილთვისებიანია და თითქმის არასდროს განიცდის ავთვისებიან გარდაქმნას.

აუცილებელია მიომის სწორი და დროული დიაგნოსტიკა. რაც შეეხება მკურნალობას, ერთი რომელიმე კონკრეტული მეთოდი არ არსებობს. თუ მიომა მცირე ზომისაა, მკურნალობა ძირითადად პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატებით მიმდინარეობს. მაგრამ თუ წარმონაქმნმა საშვილოსნოს ღრუს დეფორმაცია გამოიწვია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა – მიომექტომია.